Thursday, June 11, 2009
Thursday, June 4, 2009
ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში, მისი ესთეტიკური პრინციპებისა და სტილური თავისებურებების ფორმირებაში. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. ფალიაშვილის შემოქმედება მაღალი იდეურობისა და ხალხურობის ნუმუშია. იგი თანამიმდევრულად რეალისტურია. ფალიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებებში განასახიერა ქართველი ხალხის სულიერი ძალა და მუსიკალური გენია. თავისი შემოქმედება ფალიაშვილმა ააგო ქართული ხალხური მუსიკის კულტურის მხატვრული განზოგადებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ტრადიციებთან მისი სინთეზირების საფუძველზე. ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია, გადაწყვიტა რა იმ დროის ქართული მუსიკის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემები - მოახდინა მისი პროფესიონალიზაცია. იგი პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები.
კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოგვისახავს ისტორიული წარსულის ჰეროიკას, ხალხის ცხოვრების სურათებს, ეროვნული ეპოსის დიად სახეებს. ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია "აბესალომ და ეთერი", ლირიკულ-დრამატული "დაისი", გმირულ-პატრიოტული - "ლატავრა". პირველი ორის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. ფალიაშვილის გენიალური ოპერა "აბესალომ და ეთერი" ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია (ლიბრეტო ხალხური თქმულების "ეთერიანის" საფუძველზე შეადგინა პ.მირიანაშვილმა). სიყვარულსა და სიკვდილზე ამაღლებული პოემა კომპოზიტორმა მუსიკალური ტრაგედიის სადა და ამავე დროს მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა. ღრმა სოციალურ-ეთიკურმა იდეამ (სიავარულის ძალა გადალახავს სოციალური უთანასწორობის ზღუდეს და ამარცხებს თვით სიკვდილს) განსაზღვრა ოპერის მუსიკის ამაღლებულობა და მონუმენტურობა, მხატვრული სახეებისა და დრამატურგიის ეპიკური ხასიათი, რაც საგუნდო მასობრივი სცენების სიჭარბითა და მოქმედების დინჯი განვითარებით არის ხაზგასმული. ამავე დროს, ოპერის მუსიკა უდიდესი შინაგანი ექსპრესიითა და დინამიზმითაა გამსჭვალული. "აბესალომ და ეთერი" სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: ხარკოვში (1931), მოსკოვში, სსრკ "ბოლშოი" თეატრში (1939 და 1946), ლენინგრადში (1972), კიევში (1972), ქუთაისში (1969), უცხოეთში - ლოძსა (1972) და ზაარბრუკენში (1974). გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფიტაზე, გადაღებულია ფილმი.